დიდგულას ნაყენი დაგეხმარებათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში

დიდგულა ხშირად ეშლებათ ანწლში, რადგან მათ შორის მცირე გარეგნული სხვაობაა. თუმცა, სამკურნალო თვისებებით დიდად განსხვავდებიან. ანწლისგან განსხვავებით, დიდგულას ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია.
დიდგულა მაღალი ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხეა, მიეკუთვნება ცხრატყავისებრთა ოჯახს. ტოტების გული რბილი და თეთრია. აქვს თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო, ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, ნაყოფი მოშავო-მოიისფრო კენკრასებრია, წვნიანი, 3 თესლით. დიდგულას ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ფოთოლი შეიცავს A ვიტამინს, ნაყოფს იყენებენ საჭმელად და საღებავის დასამზადებლადაც კი.

დიდგულა უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი, როგორც სამკურნალო მცენარე. ხოლო მისმა პოპულარობამ ევროპაში პიკს მიაღწია შუა საუკუნეებში. მიიჩნეოდა წმინდა მცენარედ და მის სამკურნალო ძალაზე იქმნებოდა ლეგენდები. ძველად თურმე მოხუცებულები დიდგულას თავიანთი დღეგრძელობის მიზეზად თვლიდნენ (მათ რაციონში მუდმივად შედიოდა დიდგულა).

სამკურნალო მიზნით იყენებენ მცენარის ყვავილს, ნაყოფსა და ქერქს. დიდგულას ყვავილს ახასიათებს შარდმდენი, ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები: 15-15 გრამ გამხმარ ყვავილს დაასხით 200 მლ/ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და სითხე მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. სასურველია ლარინგიტის, ბრონქიტის, ბრონქოექტაზისა და გრიპის დროს. ის შეიძლება გამოიყენოთ ინჰალაციისთვის და პირში გამოსავლებად, დღეღამური დიურეზიის გასაზრდელად და შეშუპების შესამცირებლად. ნაყენი რეკომენდირებულია თირკმლების დაავადების, რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის დროს.

დიდგულას ნაყოპი საჭმელად ვარგისი და გემრიელია, ახასიათებს ოფლმდენი და კუჭში გამხსნელი თვისებები. ასევე შარდმდენია დიდგულასქერქიც. ამიტომაც, მისი ექსტრაქტი რეკომენდებულია თირკმლებითა და გულ-სისხლძარღვებით დაავადებულ ადამიანებისთვის შეშუპების დროს.

ხალხურ მედიცინაში დიდგულას ქერქით მკურნალობდნენ წითელ ქარს, ყვავილების ნახარშით კი თავის ტკივილს. ნაყოფს აძლევდნენ ხველების დროს, რძეში მოხარშული ყვავილებით კი, მკურნალობდნენ ჩირქოვან მუწუკებს.

დიდგულა შეიცავს გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას. თანამედროვე ფიტოთერაპევტები დიდგულას მიიჩნევენ ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებად, რომელიც აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციას, აქვს იმუნიტეტის ამაღლებისა და ანაბოლიტური ზემოქმედების უნარი და, რაც მთავარია, შუა საუკუნეების ლეგენდების მიხედვით, სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.

Facebook კომენტარები